კოლხური ხოხობი (Phasianus colchicus)
არ არის შეტანილი წითელ ნუსხაში
კოლხური ხოხობი (Phasianus colchicus)
საერთაშორისო სტატუსი - LC (ნაკლებად საგანგაშო)
ეროვნული სტატუსი - LC (ნაკლებად საგანგაშო)
ხოხობი დიდი ზომის ქათმისნაირი ფრინველია. ეს სახეობა სქესობრივად დიმორფულია. მამრი კოლხური ხოხობი უფრო დიდია (65-89სმ), აქვს მრავალფეროვანი შეფერილობა და გრძელი კუდი(35-სმ-ზე მეტი). მდედრები უფრო მცირე ზომის არიან(53-70სმ) ვიდრე მამრები, შედარებით მოკლე (20-40სმ) კუდითა და მიწისფერი შეფერილობით. ორივე სქესისხოხობი სწრაფად დარბის და დაფრინავს მოკლე მანძილებზე. გამრავლებისას მამრები არიან ტერიტორიულები და ქმნიან რამდენიმე მდედრისგან შემდგარ ჰარემს. ბუდეს იკეთებენ მიწაზე, ხშირ მცენარეულობაში. ჩვეულებრივ დებს 8-15 კვერცხს. ინკუბაციის პერიოდი 23-28 დღე გრძელდება. ხოხბის წიწილები გამოჩეკვიდან 70-80 დღე დედასთან რჩებიან. გამრავლებას იწყებენ 1 წელში. პოლიგამურია, ერთი მამალი უწყვილდება 2-3 დედალს. მაისში დებს 8-12 კვერცხს, ზოგჯერ 18 ან მეტს. კრუხობსმხოლოდ მდედრი. სახეობის ბუნებრივი არეალი მოიცავს უთოვლო ან მცირეთოვლიანსა და რბილი კლიმატის ზოლს პალეარქტიკის სამხრეთ ნაწილში. ეს არის დაბლობები კავკასიაში, წინა აზიის შავის ზღვის სანაპიროებიდან ანატოლიაში, ირანში, შუა აზიაში და ავღანეთში; შემდეგ ცენტრალური და სამხრეთ აღმოსავლეთი აზია: მონღოლეთი, ჩინეთი, ბირმა, კორეა და იაპონია. გარდა ამისა დიდი რაოდენობით არის ინტროდუცირებული ევროპასადა ამერიკის კონტინენტზე და ფართოდაა გავრცელებული. საქართველოში გვხვდება: კოლხეთის დაბლობზე, მტკვრის, იორის და ალაზნის ქვემო დინებაში და ივრის ზეგანის სამხრეთ ნაწილში.
კოლხური ხოხობი არის პოლიფილეტური სახეობა. აღწერილია 30 ქვესახეობა, საიდანაც საქართველოში გვხვდება, ერთი ქვესახეობა ნომინალური Phasianus colchicus colchicus (Giudice, J. H., J. T. Ratti, and S. G. Mlodinow 2022). კოლხური ხოხობი ჩვეულებრივი ხოხბის (Phasianus colchicus) 31 ქვესახეობიდან ერთერთია და ისტორიულად გავრცელებული იყო საქართველოს ტერიტორიაზე და ასევე მტკვრის დაივრის ჭალების გაყოლებაზე აზერბაიჯანის ტერიტორიაზე (Kayvanfar, 2017). დღეისათვის კოლხური ხოხბის პოპულაცია საგრძნობლად შემცირებულია. დარჩენილი პოპულაციები მცირე რაოდენობით ბინადრობენ ვაშლოვანისა და ჭაჭუნას დაცულ ტერიტორიებზე, ასევე კოლხეთის დაბლობში.
ხოხბის ჰაბიტატი წარმოადგენს ხშირი მცენარეულობით დაფარულ დაბლობებს, მდინარის ფართო ველს ჭალის ტყით, მშრალს მდელოებს ბუჩქოვანი საფარითა და ღია, მშრალ ტყეების მთისწინეთს. გავრცელებულია ზღვის დონიდან 1000 მეტრამდე. კოლხურხოხობზე არაერთი საფრთხე მოქმედებს რაც ხელს უშლის პოპულაციების მდგრადობამ, რაც საბოლოოდ სახეობაზე ნეგატიურად აისახება.
ქვემოთ ჩამოთვლილი საფრთხეები წარმოადგენს სახეობის აღდგენის აუცილებლობას:
1. ბრაკონიერობა: • კანონის აღსრულების დაბალი დონე; • საჭიროა მოხდეს ნადირობის სწორი მენეჯმენტი; • მონადირეებში უნდა ამაღლდეს ცნობიერების დონე.
2. კოლხური ხოხბის ჰაბიტატების დეგრადაცია და ფრაგმენტაცია: • ძოვების არასწორი მენეჯმენტი; • სასოფლო სამეურნეო მიწებზე თვითნებური ხანძრები; • კლიმატის ცვლილება.
3. სხვა: • მტაცებელი სახეობები; • დაავადებები; • ცალკეული პოპულაციების ერთმანეთისგან იზოლაცია.
რეინტროდუქციისთვის აუცილებელი პირობაა, კოლხური ხოხბის ტყვეობაში გამრავლება და შემდეგ მისი ისტორიულ ჰაბიტატში დაბრუნება. ხოხბის გამრავლება დიდ სირთულეს არ წარმოადგენს და შესაბამისად in-situ კონსერვაციასთან ერთად (ბრაკონიერობასთან ბრძოლა, მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლება და ა.შ) აუცილებელია სახეობის ex-situ კონსერვაცია.