ქურციკი
შეტანილია წითელ ნუსხაში
ქურციკი-ჯეირანი (Gazella subgutturosa) - მცირე ზომის წყვილჩლიქოსანი ცხოველია, დამახასიათებელი თეთრი მუცლითა და ჩალისფერი ზურგით. მათი წონა 18-იდან 33 კილოგრამამდე მერყეობს. მათ 80 კმ/სთ-მდე სიჩქარის განვითარება შეუძლიათ. მამრს ადვილად განასხვავებთ მდედრისგან რქების ზომით, რომელიც მდედრს ან საერთოდ არ აქვს ან ძალიან პატარა, სულ რამდენიმე სანტიმეტრის.
ჯეირანის გავრცელების არეალი მოიცავს მცირე აზიის, ამიერკავკასიის, შუა აზიის, ყაზახეთისა და ცენტრალური აზიის უდაბნოებსა და ნახევარუდაბნოებს, ამის მიუხედავად სახეობა მსოფლიოს მრავალ ადგილას გადაშენების საფრთხის წინაშეა. საქართველოში მისი ისტორიული გავრცელების არეალი მოიცავდა თბილისიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე სტეპებსა და ნახევარუდაბნოებს, სადაც ჰაბიტატი წარმოდგენილი იყოს ღია ველების, უდაბნოებისა და ავშნიანი ნახევარუდაბნოების სახით.
მეოცე საუკუნის 80-იან წლებამდე საქართველოში ქურციკი შირაქის ველის აღმოსავლეთით, თბილისის შემოგარენში, გარდაბანსა და სამგორის ველებზე ფართო გუნდებად გვხვდებოდა, თუმცა მათი ჰაბიტატების სამეურნეო ათვისებამ, ბრაკონიერობამ და ურბანიზაციამ საქართველოდან სახეობის სრულად გაქრობა გამოიწვია.
2013 წლიდან ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის წარმომადგენლობის ინიციატივით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს ჩართულობით, ასევე, აზერბაიჯანის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან თანამშრომლობითა და გერმანიის მთავრობის ხელშეწყობით, ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე, სამუხის ველზე მოხდა ქურციკების რეინტროდუქცია. დღეისათვის ქურციკების რაოდენობამ სამუხის ველზე ორას ინდივიდს გადააჭარბა, რაც იმედს იძლევა, რომ გადაშენებული სახეობა ისტორიულ ნიშნულს დაუბრუნდება.